„ევროვიზია 2020“-ზე თორნიკე ყიფიანის კომპოზიცია საუკეთესოდ დასახელდა

თორნიკე ყიფიანი საკუთარი სიმღერით Take Me As I Am უნდა გამგზავრებულიყო „ევროვიზია 2020“-ზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვერსიით, სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2020“-ის საუკეთესო სიმღერა ქართველი კონკურსანტის თორნიკე ყიფიანის კომპოზიცია Take Me As I Am გახდა, ნათქვამია კონკურსის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

საქართველოს წარმომადგენლის სიმღერა გახდა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ონლაინ-გამოკითხვის გამარჯვებული – მან ხმების 14% მიიღო.

ყიფიანი სიმღერით Take Me As I Am „ევროვიზია 2020“-ზე უნდა გამგზავრებულიყო, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციას YouTube-ზე 1,4 მილიონი ნახვა ჰქონდა და მსოფლიოში მრავალი მსმენელის მოწონება დაიმსახურა. 

ყურადღების მიღმა არ რჩება თავად მომღერალიც. თორნიკე ყიფიანს საერთაშორისო სიმღერის კონკურსის ოფიციალურ Instagram-გვერდზე პოსტები მიუძღვნეს. ქართველ მომღერალზე დაწერეს, რომ ვიდრე იგი მომღერალი გახდებოდა, პროფესიონალი არქიტექტორი იყო. თორნიკე ყიფიანი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა ქართულ X-Factor-ში, სადაც მისი მენტორი თამთა გოდუაძე იყო. თავად გოდუაძე 2019 წელს „ევროვიზიაზე“ კვიპროსს წარმოადგენდა და მე-13 ადგილი დაიკავა.

ყიფიანის თაყვანისმცემლების გასახარად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ „ევროვიზია 2021“-ზე თავის წარმომადგენლად თორნიკე ყიფიანი დატოვა, თუმცა მას კონკურსისთვის ახალი კომპოზიციის შერჩევა მოუწევს. თავად შემსრულებელმა კონკურსის გადადების თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში ყველაზე მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა.