„უკვდავი პოლკის“ აქცია საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება

კორონავირუსის პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში მასობრივი ღონისძიებები გადაიდო. „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაც ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი - Sputnik. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი „უკვდავი პოლკის“ მარში 9 მაისს ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება, აღნიშნავენ ორგანიზატორები. 

საქართველო მეორე მსოფლიო ომში: ძლიერი ზურგი და ათასობით მეომარი

„საქართველოს უკვდავი პოლკის“ მსვლელობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე იუბილეს ეძღვნება, საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს 175 ქვეყანაში, კორონავირუსის გამო ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გადაიდო ასევე 9 მაისის სადღესასწაულო აღლუმი წითელ მოედანზე.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ „საქართველოს უკვდავი პოლკის“ ონლაინ–მსვლელობა ქვეყნის ყველა დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

„წელს გამარჯვების 75-ე იუბილე - ჩვენს თანამედროვე ისტორიაში საქართველოს ერთ-ერთი საკვანძო მოვლენაა. მთავარია, რომ მილიონობით ადამიანი, რომელიც მსოფლიოს 175 ქვეყანაში ცხოვრობს, პატივს მიაგებს ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და ადასტურებს მზადყოფნას, მომავალში ნებისმიერი საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძოლოს ერთად და მხარდამხარ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

აქცია მთელ მსოფლიოში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება და წარმოდგენილი იქნება გმირების პორტრეტები. აქციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ ფოტო გმირის მონაცემების მითითებით და მისი მოკლე ისტორიით ელექტრონულ მისამართზე: sk_gr@mail.ru.

პირველად აქცია „უკვდავი პოლკი“ ტომსკში ჩატარდა. 2015 წელს მსვლელობაში რუსეთის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 12 მილიონამდე ადამიანმა. ამის შემდეგ შეიქმნა რუსეთის საზოგადოებრივი სამოქალაქო-პატრიოტული მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკი“.

მოძრაობა „უკვდავი პოლკი" არის შესაძლებლობა იმის ჩვენებისა, რომ გამარჯვებულთა შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს წინაპრების გმირობასა და გამარჯვების მნიშვნელობას. მარში ტრადიციულად 9 მაისს რუსეთში, ესტონეთში, ბელარუსში, მოლდავეთსა და სხვა სახელმწიფოებში იმართება.