COVID-19 - ბოლო ცნობები

ხვალიდან სამშენებლო კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ

მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიას 5 მაისიდან საქმიანობის განახლების საშუალება ექნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

მთავარმა ეპიდემიოლოგმა შეზღუდვების მოხსნის ღონისძიებებზე ისაუბრა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყო. შეზღუდვები მოიხსნა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე, ამუშავდა ინტერნეტ–მაღაზიები და ღია აგრარული ბაზრები. 

მთავრობის სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 5 მაისიდან საქმიანობის განახლების საშუალება ეძლევათ ავტოსარემონტო კომპანიებს. გახარიას განცხადებით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის.

პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს კომპანიებს, მაქსიმალურად დაიცვან კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული ყველა რეკომენდაცია.

„ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება კომპანიების შემოწმებები, რომელსაც ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე შექმნილი სპეციალური გუნდი ახორციელებს. მინდა კომპანიების მფლობელებსა და ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყოველდღიურ საქმიანობას და შეასრულონ ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. შემდეგი ეტაპები, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდგინდა. კორონავირუსის დიაგნოზით თურქეთიდან და სომხეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 223 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4830, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 521 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა.