COVID-19 - ბოლო ცნობები

იუსტიციის სახლებში ონლაინ–რეგისტრაციის გავლისა და პირბადეების გარეშე ვერ მოხვდებით

ნებისმიერი მომსახურების მიღების მსურველმა პირმა სერვის–ცენტრში მისვლამდე ვებ-გვერდზე MYGOV.GE განაცხადი უნდა შეიტანოს და მიუთითოს დღე და დრო.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. მოქალაქეები 5 მაისიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მოხვედრას წინასწარი ონლაინ–რეგისტრაციის შედეგად და მხოლოდ პირბადეებით შეძლებენ, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეთა ონლაინ-მომსახურების ახალ მოდელს აუმჯობესებს

წულუკიანის სიტყვებით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება, თუმცა ახალი პრინციპით იმუშავებენ.

„შენობაში სამედიცინო პირბადის გარეშე არავინ დაიშვება. ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები, ამიტომაც იუსტიციის სახლებში არსებული საბავშვო სივრცეები დროებით დაკეტილი იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, ამა თუ იმ მომსახურების მიღების მსურველმა პირმა სერვის–ცენტრში მისვლამდე ვებ-გვერდზე MYGOV.GE განაცხადი უნდა შეიტანოს და მიუთითოს დღე და დრო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ  ის მოქალაქეები, რომლებიც მიღებაზე ჩაწერილი არ იქნებიან, შენობაში ვერ შევლენ.

„ჯავშნის ელექტრონული სისტემა ამ მომენტიდან უკვე მოქმედებს. შესაბამისად, თქვენ უკვე შეგიძლიათ ვიზიტი ხვალიდან (5 მაისიდან) თქვენთვის სასურველ დროს დაჯავშნოთ. კიდევ ერთხელ: ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოების ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომელსაც მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელებამდე იღებდნენ. ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინება, რამდენადაც ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ადამიანების ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ზომები საგანგებო მდგომარეობის დროს იმოქმედებს და მათი მოხსნა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.