COVID-19 - ბოლო ცნობები

გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება გაიხსნა

აგრარული ბაზრების მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ
Sputnik

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად, გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება გაიხსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგრარულ ბაზრებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო მარტის ბოლოდან დაიკეტა, 27 აპრილიდან მუშაობის ნებართვა მისცეს, მაგრამ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვის შემთხვევაში. თავდაპირველად, საქართველოს მასშტაბით, 24 აგრარული ბაზარი გაიხსნა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, გლდანის ბაზრის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის ტერიტორიაზე შემავალი ავტომობილების დეზინფექციას, მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვას, ტარდება თერმოსკრინინგი და ადმინისტრაცია უზრუნველყოფს დისტანციის დაცვას.

„პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით, აგრარული ბაზრის საცალო ნაწილში მიმდინარეობს ძველი დახლების დემონტაჟი, დასუფთავების სამუშაოები და ნარჩენების გატანა, რაშიც აქტიურად არის ჩართული ბაზრის ადმინისტრაცია“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ გრძელდება აგრარულ ბაზრებთან აქტიური მუშაობა, რათა მათი მუშაობის აღდგენა დროულად მოხდეს. დღევანდელი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 30-მდე აგრარული ბაზარი მუშაობს.

აგრარული ბაზრების მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.