COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19: გერმანიამ საქართველოს რამდენიმე ათასი ტესტი აჩუქა

მოლეკულური ტესტების გარდა, ლაბორატორიას გადაეცა სეროლოგიური ტესტებიც, რომელიც ამ დრომდე საქართველოში არ ყოფილა. ეს არის სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც იდგმება ლაბორატორიულ და არა საველე პირობებში
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. საქართველომ გერმანიისგან სამედიცინო ტვირთი მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ერთი თვის წინ კორონავირუსზე ტესტირება ხორციელდებოდა ლუგარის სახელმწიფო ლაბორატორიაში და ერთ-ერთ კერძო კლინიკაში. 23 აპრილიდან, PCR-ტესტირება კიდევ ხუთ ლაბორატორიაში გახდა შესაძლებელი - სამი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში. გუშინ საუბარი იყო, რომ ერთი ლაბორატორია მარნეულში მოეწყოს.

„საქართველო პიკზეა“ - ამირან გამყრელიძე სიფრთხილისკენ მოუწოდებს

 ლუგარის ლაბორატორიაში სამედიცინო ტვირთის გადაცემას გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, სამხედრო ატაშე და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.

მოლეკულური ტესტების გარდა, ლაბორატორიას გადაეცა სეროლოგიური ტესტებიც, რომელიც ამ დრომდე საქართველოში არ ყოფილა. ეს არის სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც იდგმება ლაბორატორიულ და არა საველე პირობებში.

„დღევანდელი დახმარება არის ისევ პრაიმერები და ასევე ახალი უკვე ტესტ-სისტემები. ეს გახლავთ იმ სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც იდგმება ლაბორატორიულ პირობებში და არა საველე პირობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ტესტ-სისტემებს გამოვიყენებთ შესაბამისი დანიშნულებისამებრ. მიხარია, რომ ჩვენი ცენტრი 2013 წლიდან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს მიკრობიოლოგიის ინსტიტუტთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, გერმანიიდან ჩამოსულია ტესტების მასალა, რომელიც განკუთვნილია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის.

„რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ კომპეტენტურ ინსტიტუტთან, როგორიც გახლავთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. გერმანულმა ინსტიტუტმა გამოაგზავნა არა ტესტები, არამედ მასალა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიყენებს ტესტების დასამზადებლად“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია >>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 582-ს აღწევს. აქედან გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი, რვა პაციენტი გარდაიცვალა.