თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 28 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აგრარულ ბაზრებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო მარტის ბოლოდან დაიკეტა, 27 აპრილიდან მუშაობის ნებართვა მისცეს, მაგრამ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვის შემთხვევაში. თავდაპირველად, საქართველოს მასშტაბით, 24 აგრარული ბაზარი გაიხსნა.
სააგენტოს ცნობით, აგრარული ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. მათ მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.
ბაზრებისადმი წაყენებული მოთხოვნებია - მოვაჭრეების ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, პროდუქციის შეტანა-გატანის სანიტარული ზედამხედველობა, სადეზინფექციო სამუშაოების სათანადოდ შესრულება, თერმოსკრინინგი და პირბადეების სავალდებულო ტარება, ასევე საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაწერილი წესების შესრულება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის, ინფიცირებულთა რაოდენობა 582-ს აღწევს. აქედან გამოჯანმრთელდა 207ადამიანი, რვა პაციენტი გარდაიცვალა.