თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-ის რეისით ჩეხეთიდან დღეს საქართველოში 89 მოქალაქე დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways, რომელსაც საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოქალაქეების თანდათანობით ჩამოყვანის პროცესს.
სპეცრეისი პრაღიდან ბათუმის მიმართულებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში შესრულდა. აღნიშნული რეისით ისარგებლეს საქართველოს მოქალაქეებმა ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ავსტრიიდან.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან და ა.შ
მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინირებულად, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.
2020 წლის 2 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,3 ათასზე მეტ მოქალაქეს, ხოლო საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 9,3 ათასზე მეტი მოქალაქე.
შემდეგი სპეცრეისების განრიგი:
• ათენი–თბილისი – 5 მაისი
• ამსტერდამი–თბილისი – 7 მაისი
• ბერლინი–თბილისი – 9 მაისი
რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.
ბილეთების ონლაინ გაყიდვა, როგორც წესი, ფრენამდე ორი დღით ადრე იწყება. ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ყველა მგზავრი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 14 დღით სავალდებულო კარანტინში თავსდება.