ნიგერიაში ცხრა ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა გაიტაცეს

სააგენტო მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ გაავრცელონ რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ნიგერიაში 30 აპრილს მეკობრეებმა ათი მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ცხრა საქართველოს მოქალაქეა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, მეკობრეების თავდასხმა ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა. გემზე დარჩენილ ოთხ მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთმფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია. უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა.

„ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, არ გავრცელდეს მედიის საშუალებით რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.