COVID-19 - ბოლო ცნობები

მორიგი სპეცრეისი: საქართველოს მოქალაქეები ავსტრიიდან დაბრუნდნენ

ბოლო მონაცემებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 9 ათასამდე  მოქალაქე.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ (Myway Airlines) მიერ შესრულებული ვენა-თბილისის სპეცრეისით საქართველოში 110 მოქალაქე დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთიდან სამშობლოში 9 ათასამდე თანამემამულე დაბრუნდა

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოქალაქეების თანდათანობით ჩამოყვანის პროცესს.

მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, შემდეგ კი ისინი სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით სასტუმრო „რამადა ენკოს თბილისში“ განთავსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში,  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში 5 152ადამიანია განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 582-მდე გაიზარდა

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინირებულად, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.

2020 წლის 2 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 ათასზე მეტ მოქალაქეს, ხოლო საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 9 ათასზე მეტი მოქალაქე.

შემდეგი სპეცრეისების განრიგი:

•        პრაღა–ბათუმი – 2 მაისი

•        ათენი–თბილისი – 5 მაისი

•        ამსტერდამი–თბილისი – 7 მაისი

•        ბერლინი–თბილისი – 9 მაისი

რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.

ბილეთების ონლაინ გაყიდვა, როგორც წესი, ფრენამდე ორი დღით ადრე იწყება. ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ყველა მგზავრი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 14 დღით სავალდებულო კარანტინში თავსდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობაა 582, აქედან გამოჯანმრთელდა 207, გარდაიცვალა 8 პაციენტი.