COVID-19 - ბოლო ცნობები

მარნეულის სასწრაფო დახმარების რვა თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მენეჯერსაც დაუდასტურდა
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რვა თანამშრომელს Covid-19  დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში მარნეულიდან სულ 64 ნიმუში იყო გაგზავნილი.

გავრცელებული ინფორმაციით, რვა დადასტურებული შემთხვევიდან ყველა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელია. აქედან ხუთი მარნეულის მკვიდრია, სამი კი სხვა მუნიციპალიტეტის, თუმცა, ისინი მარნეულში მუშაობდნენ.

ბოლნისში ადგილობრივებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ექიმებს არ გაატანეს

სასწრაფო დახმარების ინფიცირებული თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ დღეს თბილისის სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მენეჯერსაც დაუდასტურდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, Covid-19  საქართველოში 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა.

 ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.