თბილისი, 2 მაისი - Sputnik. კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 325 პირის ნიმუში გააგზავნეს და კორონავირუსი მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა. პრევენციის მიზნით მედიკოსების გამოკვლევის დროს, ინფიცირებულს კორონავირუსი PCR ტესტით გამოუვლინდა.
Covid-19 ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებიან და ინფიცირებულის კლასტერს იკვლევენ.
ყვარლის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ტელმან ხვედელიძის განცხადებით, ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.
მისივე თქმით, ქალს რისკჯგუფის მქონე ადამიანებთან კონტაქტი არ ქონია.
ეპიდემიოლოგები ყვარლის მედპერსონალის დამატებით გამოიკვლევენ.
კახეთის რეგიონი ამ დრომდე ე.წ მწვანე ზონად ითვლებოდა, თუმცა ახლა მან ეს სტატუსი დაკარგა.
დღეს სასწრაფო დახმარების მედპერსონალს კორონავირუსი მარნეულშიც დაუდგინდა, სადაც ინფიცირება სამსახურის რვა თანამშრომელს დაუდასტურდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, Covid-19 საქართველოში 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.