COVID-19 - ბოლო ცნობები

ბოლნისში ადგილობრივებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ექიმებს არ გაატანეს

პარასკევს ბოლნისში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ათი სოფელ მუშევანში დაფიქსირდა. 
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარასკევს ბოლნისში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ათი სოფელ მუშევანში დაფიქსირდა.  მანამდე სოფელში კიდევ რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა იყო, რის გამოც სოფელში ზომები გამკაცრდა და დამატებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო.

ვინ არის საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ერთი ოჯახის წევრები არიან. კლინიკაში  მათ გადასაყვანად გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, სამართალდამცველები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ, ოჯახის ახლობლებმა კი  წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი დაუპირისპირდნენ როგორც ექიმებს, ისე პოლიციელებს და მერის წარმომადგენელს.

„გვითხრეს, ჩვენს სოფელში ვირუსი არ არის, გაგვანებეთ თავიო და დაგვიშინეს ქვები და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია”, – განაცხადა სოფელ მუშევანში ბოლნისის მერის წარმომადგენელმა რობიზონ სელიმაშვილმა.

დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, გუშინ საღამოს პოლიციამ და ექიმებმა სოფელი დატოვეს. მოგვიანებით ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 566 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 207. კარანტინში იმყოფება 5 025, სტაციონარებში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ – 540. გარდაიცვალა 7 პაციენტი.