თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიტერატურულ კონკურსს „ლიტჰაიკერი 2020“-ს იწყებს

ლიტერატურული კონკურსი „ლიტჰაიკერი“ ყოველწლიური პროექტია და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უკვე მეხუთედ ჩატარდება.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) იწყებს ლიტერატურულ კონკურსს „ლიტჰაიკერი“, ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონკურსი წიგნის მოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

„ბიბლიოთეკასთან ყოველდღე 5 ახალი წიგნი იდება, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ“ – გიორგი კეკელიძე

სტუდენტური პროექტის იდეა თავად თსუ-ის სტუდენტებს ეკუთვნით. კონკურსს წელს უნივერსიტეტი და „სულაკაურის გამომცემლობა" ერთობლივად ახორციელებენ.

ლიტერატურული კონკურსის პირველი ტური 16 მაისს იგეგმება.

კონკურსში ჩართვა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ.

კონკურსის წესების მიხედვით, გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. კერძოდ, პირველ ადგილზე გასული სტუდენტი მიიღებს ფულად ჯილდოს 500 ლარის ოდენობით და 500-ლარიან ვაუჩერს, მეორე ადგილზე გასული - 300-ლარიან და მესამე ადგილზე - 150-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ასევე წიგნებით დასაჩუქრდებიან თითოეული ტურის გამარჯვებულები.

თბილისის წიგნის ფესტივალი ვირტუალურ სივრცეში გაიმართება>>

ლიტერატურულ კონკურსში წელს პირველად ხუთი რეგიონული უნივერსიტეტი ჩაერთვება. თსუ-ის გარდა, მასში მონაწილეობას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.

კონკურსი „ლიტჰაიკერი“ ყოველწლიური პროექტია და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უკვე მეხუთედ ჩატარდება. 2014 წლიდან პროექტის პარტნიორი იყო გამომცემლობა „პალიტრა L“, ხოლო 2016 წლიდან - გამომცემლობა "წიგნები ბათუმში". პროექტის 2020 წლის პარტნიორი კი „სულაკაურის გამომცემლობაა“.