მსოფლიო დღეს

დასახელდა COVID-19-ის პანდემიის შეწყვეტის ფაზა: ჯანმოს წარმომადგენელი განმარტავს

შემზღუდავი ზომების მოხსნის პროცესი დამოკიდებული იქნება როგორც ინფექციის გადაცემის ვარიანტებზე, ისე შეზღუდვების შერბილებით გამოწვეულ ცვლილებებზე.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. დაავადების გავრცელებაში ვარდნა ფიქსირდება მაშინ, როცა სტატისტიკურად ერთი დაავადებული საშუალოდ ერთ ადამიანზე ნაკლებს აინფიცირებს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა რუსეთში მელიტა ვუინოვიჩმა. 

COVID-19-ით სიკვდილიანობა შესაძლოა ეთნიკურ წარმომავლობას უკავშირდებოდეს: ბრიტანული კვლევა

მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ იწყება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება. ამასთან ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად.

„შეზღუდვები უნდა შერბილდეს თანდათან და ეტაპობრივად, საკმარისი დროის — დაახლოებით ორი კვირის დატოვებით, რათა შერბილების ნამდვილი ეფექტი სრულად ხილული გახდეს. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგ შემთხვევაში ქვეყნები მზად უნდა იყვნენ გამუდმებული კონტროლისა და კორექტირებისთვის, რათა [საჭიროების შემთხვევაში] პროცესები სწრაფად შეაბრუნონ უკან“, — განაცხადა ვუინოვიჩმა.

ამასთან, მისი თქმით, შემზღუდავი ზომების მოხსნის პროცესი დამოკიდებული იქნება როგორც ინფექციის გადაცემის ვარიანტებზე, ისე შეზღუდვების შერბილებით გამოწვეულ ცვლილებებზე.

„ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორი რეაქცია ექნება ხალხს შეზღუდვების შერბილებაზე. გარკვეული ფიზიკური დისტანცირება — სადაც ეს შესაძლებელია, ჰიგიენისა და რესპირატორული ეტიკეტის დაცვა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მოსახლეობის ქცევა ის საკვანძო ასპექტია, რომელიც ინფექციის განმეორებაზე ახდენს გავლენას“, — განმარტა ვუინოვიჩმა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, კორონავირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 3 257 520 ადამიანს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 233 405 და განიკურნა 1 014 809 კაცი.