თბილისი, 1 მაისი – Sputnik. რუსეთის რაგბის ნაკრებს ევროპის ერთა თასის დასრულება და საქართველოს ნაკრებთან დასკვნითი მატჩის ჩატარება სურს, განაცხადა РИА Новости-სთან რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იგორ არტემიევმა.
„სტარტი ცუდად დავიწყეთ, თუმცა ამის შემდეგ გარკვეული ზომები მივიღეთ და მოთამაშეებმა ბოლო ორ მატჩში კარგი შედეგი აჩვენეს. თუ პორტუგალიელებთან მატჩში ორივეს გაგვიმართლა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად და გავიმარჯვეთ კიდეც, რუმინელებთან მატჩი ფრედ დავასრულეთ. რუმინეთის გუნდი კი სუსტი გუნდი არაა. ჩვენ გვინდა ჩემპიონატის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად დასრულება“, – განაცხადა არტემიევმა.
ევროპის ერთა თასის მიმდინარე გათამაშებაში დასკვნით მატჩში რუსეთის ნაკრებს 14 მარტს საქართველოსთან მატჩი თბილისში უნდა გაემართა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო ტურის ყველა თამაში (საქართველო–რუსეთი, ესპანეთი–პორტუგალია, რუმინეთი–ბელგია) გადაიდო.
სატურნირო თვალსაზრისით ქართული გუნდისთვის ამ შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ტურნირის გამარჯვებული ვადამდე გახდა. რუსეთის ნაკრები კი ოთხი ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
საქართველოს და რუსეთის გუნდები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ და აქედან 21 მატჩი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა. ყველაზე დიდი გამარჯვება „ბორჯღალოსნებმა“ 2021 წელს თბილისში გამართულ მატჩზე მოიპოვეს – მაშინ რუსეთის ნაკრები ანგარიშით 46:0 დამარცხდა.