თბილისი, 1 მაისი – Sputnk. აზერბაიჯანსა და თურქეთში საქართველოს საელჩოებმა, აღნიშნული ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით, უზრუნველყვეს სამშობლოში ასზე მეტი თანამემამულის დაბრუნება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბაქოში საქართველოს საელჩო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს აზერბაიჯანიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას – 29 აპრილს სამშობლოში 75 ადამიანი დაბრუნდა, 24 აპრილს – 35.
ამასთან, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ და კონსულმა ნათია წერეთელმა ბაქოში მცხოვრები თანამემამულეები, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველი პირები მოინახულეს და მათი ცხოვრების პირობებს ადგილზე გაეცნენ.
ჰუმანიტარული დახმარების სახით მათ გადაეცათ საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები და ქართული წარმოების პირბადეები.
თანამემამულეებთან აქტიურად თანამშრომლობს თურქეთში საქართველოს საელჩოც. დიპლომატების ძალისხმევით რამდენიმე ათეულმა სტუდენტმა და ანტალიაში დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება მოახერხეს.
გარდა ამისა, ანკარაში საქართველოს საელჩოსა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობით, მიუხედავად არსებული აკრძალვებისა, შესაძლებელი გახდა ხუთი ქართველი მეზღვაურის თურქეთის ტერიტორიაზე შეყვანა და შემდეგ იქიდან სამშობლოში გამომგზავრება.
თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები მარტივი არ იყო, რამდენადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში უცხოელ მეზღვაურებს ეკრძალებათ თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა. თუმცა, ქართული მხარისთვის გამონაკლისი დაუშვეს, აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინირებულად, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.
30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს საელჩოებმა პანდემიის პირობებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დახმარება 17 072 თანამოქალაქეს აღმოუჩინეს, 8 728 მოქალაქე კი დააბრუნეს.