კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკას ურტყამს: "საქსტატი" ახალ მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს ეკონომიკა თუ ჯერ კიდევ თებერვალში იზრდებოდა და ზრდა 2,2% იყო, მარტში მშპ-ის ვარდნამ 2,7% შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა – 2020 წლის პირველ კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მასალებში

კორონავირუსი ეკონომიკას აზარალებს: რამდენით შემცირდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა

2020 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მაჩვენებელმა 5,1% შეადგინა. თებერვალში საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ იზრდებოდა და ზრდამ 2,2% შეადგინა, მარტში კი -2,7%-მდე შემცირდა.

2020 წლის მარტში ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროებში.

კლება დაფიქსირდა განთავსების ადგილებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა და გადააჭარბა პროგნოზს, რომელიც 4,5%-ს შეადგენდა.

როგორ იმოქმედა კორონავირუსმა ეკონომიკაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის ეპიდაფეთქების ფონზე ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობა. 

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია ეროვნულ ბანკს საბანკო რეგულაციების გადახედვას სთავაზობს

პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა და მთავრობა აბსოლუტურად ახალი ამოცანების წინაშე დააყენა. ექსპერტები კი ჯერჯერობით კონკრეტულ პროგნოზებს ვერ აკეთებენ, რადგან კრიზისული პერიოდი ჯერ არ დასრულებულა და ზარალის დათვლა მომავალში მოხდება.

ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ვარდნა მიმდინარე წელს -4%-ს შეადგენს, რაც ადგილობრივი და გარე მოთხოვნების შემცირებითაა გამოწვეული.

„წინასწარი მონაცემებით, მარტში საქონლის ექსპორტი წლიური 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. ფულად გზავნილებშიც კლება დაფიქსირდა (-9 პროცენტი). ამასთანავე შემცირებულია იმპორტიც (-13 პროცენტი), რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

არადამაიმედებელი პროგნოზი

საერთაშორისო სავალუტო ფონდში (სსფ) ვარაუდობენ, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ვარდნა -4%-მდე იქნება, ხოლო ინფლაცია 4,6%-ს შეადგენს.

თუმცა, სსფ-ის პროგნოზები 2021 წელთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურია. ფონდის შეფასებით, უკვე 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 3%-ით, ხოლო ინფლაცია 3,7%-მდე შემცირდება. 

როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშს და რას მოხმარდება თანხა

საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი კრიზისის პერიოდში სსფ-სგან დახმარებას მიიღებს.

ტრანში ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ და დაახლოებით 200 მლნ დოლარი შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს დაეხმარება გადაუდებელი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

გარდა ამისა, საქართველო თანხას სხვა პარტნიორებისგანაც მიიღებს.