საქართველო გეგმავს გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება

ტურისტულ ინდუსტრიას სჭირდება გარკვეული დრო, სანამ არ გახდება ისეთივე მომგებიანი და მიმზიდველი, როგორიც კრიზისამდე იყო.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა მკაცრი რეკომენდაციების შემოღების პირობებში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც ტურისტებს დააბრუნებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრისას.

პანდემიის შედეგად საქართველოს ტურისტული სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა. 2020 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავალი 70%-ით შემცირდა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რათა ძალიან მკაცრი შეზღუდვების პირობებში საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო და ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტურისტულ ინდუსტრიას პირველივე დღიდან ეხმარება.

„ტურისტულ ინდუსტრიას სჭირდება გარკვეული დრო, სანამ არ გახდება ისეთივე მომგებიანი და მიმზიდველი, როგორიც კრიზისამდე იყო. ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს ეპიდემიას და გახსნის საზღვრებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

საქართველოს კორონავირუსული ეკონომიკა: ანტიკრიზისული გეგმა და საგარეო დახმარება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ტურისტული დარგის დახმარების სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც მოიცავს როგორც ანტიკრიზისულ ზომებს, ისე სტიმულირების ინსტრუმენტებს.

დღეისათვის საქართველოს ხელისუფლებამ კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ტურიზმთან - სასტუმრო და სარესტორნო სფეროს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებს და ა.შ. 1 ნოემბრამდე საშემოსავლო გადასახადი და ოთხი თვით ქონების გადასახადი გადაუვადა. ეს შეეხო 18 ათას კომპანიას, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ.

გარდა ამისა, თბილისში რიგი კომპანიები ერთი წლით გათავისუფლდნენ მიწის იჯარის გადასახადისგან.