თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის გავრცელების ტალღა, მიმდინარე პანდემიის ფარგლებში, შესაძლოა სამჯერ განმეორდეს, აცხადებს რობერტ კოხის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის პრეზიდენტი ლოტარ ვილერი.
„მეცნიერების უმეტესობას მიაჩნია, რომ იქნება მეორე და, შესაძლოა, მესამე ტალღაც. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ ეს შემოდგომაზე მოხდება. აშკარაა, რომ ეს ვირუსი ჩვენს ქვეყანაში კიდევ თვეების განმავლობაში იარსებებს და ჩვენ მოგვიწევს რამდენიმე თვე ვიცხოვროთ ახალ რეალობაში“, — განაცხადა ვილერმა ბერლინში გამართულ ბრიფინგზე.
აღსანიშნავია, რომ ლოტარ ვილერი ჯერ კიდევ მარტში ამბობდა, რომ „პანდემია ტალღებად ვითარდება“.
ამ დროისათვის მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ეპიდემიოლოგი ავრცელებს გაფრთხილებას კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის შესახებ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში 3 196 664 ადამიანს აღწევს. აქედან გარდაცვლილია 227 723 და განიკურნა 981 128 პაციენტი. გერმანიაში ინფიცირებულია 161 845, გარდაიცვალა 6 470 ადამიანი.