COVID-19 - ბოლო ცნობები

ექსპრეს-ტესტით GeneXpert კორონავირუსის დიაგნოსტირება 50 წუთში მოხდება

GeneXpert-ის მეთოდს, რომელიც აშშ-ში შემუშავდა, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტის გამოვლენის მიზნითაც იყენებენ.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის დიაგნოსტირება "ჯინექსპერტის" (GeneXpert) აპარატით 50 წუთში იქნება შესაძლებელი, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსმა ექიმ-ლაბორანტმა ხატია მიქაბერიძემ ჟურნალისტებთან. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირება დაიწყო

მისი სიტყვებით, „ჯინექსპერტის“ აპარატი დახურული სისტემაა, რომელიც ადამიანური შეცდომის ფაქტორს გამორიცხავს.

„ჩვენმა ლაბორატორიამ (პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორთან) ლევან რატიანთან ერთად მოახერხა კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა კვლევის შეგროვება. ჩვენ პაციენტების ტესტირებისა და სხვადასხვა კვლევებისთვის ყველა საშუალება და რესურსი გაგვაჩნია, ასევე გვაქვს მაღალტექნოლოგიური კვლევაც. ეს არის GeneXpert-ის აპარატი, რომელიც შედეგს 50 წუთში იძლევა. აქ ხდება ვირუსის ნუკლეინის მჟავების გამოვლენა კარტრიჯული მეთოდით. ეს არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვრიცხოთ ადამიანური შეცდომები“, – განაცხადა მიქაბერიძემ.

მისი სიტყვებით, აღნიშნული მეთოდი, რომელიც აშშ-ში შემუშავდა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება. მას იყენებდნენ ტუბერკულოზისა და ჰეპატიტის გამოვლენის მიზნით.

კარტრიჯების შეზღუდული რაოდენობის გამო ტესტის გამოყენებას მასობრივი ხასიათი არ ექნება, მას მძიმე ავადმყოფებისა და მაღალი რისკის პაციენტებისთვის გამოიყენებენ.