საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობა გრძელდება

ახალი გზა , რომლის მშენებლობაც 2023 წელს უნდა დასრულდეს, თითქმის გაანახევრებს წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გასავლელად საჭირო დროს.
Sputnik

 

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  საგზაო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. 

„ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ჩუმათელეთი-ხევის 11,7 კილომეტრიან, ხევი-უბისას 12,2 კილომეტრიან და უბისა-შორაპანის 13 კილომეტრიან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. მთლიანობაში სამუშაოები პარალელურ რეჟიმში ხორციელდება 32 ხიდზე და 25 გვირაბში.
შორაპანი-არგვეთის მეოთხე, 14,7 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს.

ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. გზის მშენებლობა 2023 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაზე ერთ მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება.

შედეგად – თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასასვლელად საჭიროა 8 საათი, მაგისტრალის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გასავლელად საკმარისი იქნება 4–4,5 საათი.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.