COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს ჯანდაცვა ალგორითმის გაფართოებაზე იწყებს მუშაობას

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსზე პოლიმერიზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ტესტი ჩატარდება.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალ ალგორითმზე მუშაობას იწყებს, რომელიც შაბათ-კვირას ამოქმედდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

საქართველოში სპეცრეისით ტესტები და სამედიცინო აღჭურვილობა ჩამოვიდა

მისი სიტყვებით, ტესტირება ჩაუტარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფრების, მოხუცებულთა სახლების ბენეფიციარებს, ასევე სატრანზიტო ავტომობილების მძღოლებს, რადგანაც ისინი რისკ-ჯგუფში შედიან.

„თქვენ იცით, რომ კლინიკურ გუნდს რამდენიმე ინიციატივა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ჯგუფები უნდა შევიდნენ შემდგომ გაფართოებაში. ამ ეტაპზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომლებიც უკვე ჩამოთვლილი იყო, ასევე სატრანზიტო გადაზიდვების მძღოლები, ვინაიდან ისინი საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ექიმების ინიციატივაზე კლინიკებში შესული პაციენტების ადგილზე გამოკვლევის შესახებ. ჩვენ კვლავ დავუბრუნდით ამ ინიციატივის განხილვას. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ინფიცირებულთა არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით ტესტირება. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ვიმსჯელებთ. ალგორითმი ორი დღის განმავლობაში გაფართოვდება, ამიტომაც ახალი ალგორითმით მუშაობას ამ უქმეებზე დავიწყებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსზე ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ტესტი ჩატარდება პოლიმერიზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ტესტირება მიზნობრივ ჯგუფებს უტარდება, ამიტომაც ინფიცირების ჯაჭვი მარტივად ვლინდება.

„თქვენ იცით, რომ დღეს საქართველო კორონავირუსის გავრცელების მართვისა და ასევე მკურნალობის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა. ამიტომაც ჩვენ არ მივიჩნევთ ხარვეზად იმ ფაქტს, რომ ჩვენი ტესტირება არის მიზნობრივი. ჩვენი ეპიდემიოლოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს ჯაჭვის იდენტიფიცირება, როდესაც პაციენტი მისი კონტაქტების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს. თუმცა, დღეს ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ - ყოველდღიურად 1000-ზე მეტი PCR-ტესტი ჩავატაროთ“, – დასძინა მინისტრმა.

ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ამ ეტაპზე ცხრა კლინიკა იღებს, თუმცა, მთლიანობაში 29 კლინიკაა მობილიზებული.