COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე – წინ ყველაზე საპასუხისმგებლო კვირები გველოდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საზოგადოებისთვის მთავარი რჩევა კვლავაც სახლში დარჩენის რეკომენდაციაა.
Sputnik

 

თბილისი, 30 აპრილი  — Sputnik.  საქართველოს წინ ძალზე მნიშვნელოვანი და საპასუხსმგებლო კვირები ელოდება – ჯანდაცვის სამინისტრო 15 მაისამდე ყოველდღიურად  1500–დან 1700–მდე ტესტის, 15 მაისის შემდეგ კი 2000–დან 2500–მდე ტესტის ჩატარებას გეგმავს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან. 

საქართველოს ჯანდაცვა ალგორითმის გაფართოებაზე იწყებს მუშაობას

მან საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რადგანაც წინ გადამწყვეტი ეტაპია.

 „შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე, მეშვიდე და მერვე კვირა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია და მე მოვუწოდებ მოსახლეობას დაიცვან ჯანდაცვის სექტორის ყველა რეკომენდაცია. მაშინ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დანაკარგით გამოვა“, – განაცხადა მან.

გამყრელიძის სიტყვებით, მთავარი რჩევა კვლავაც სახლში დარჩენის რეკომენდაციაა.

 „ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ლაბორატორიული კვლევების გაფართოების საკითხი. ძირითადი აქცენტი მოლეკულურ კვლევებზე კეთდება. დღეს ჩვენ გვქონდა პიკი - ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში1 096 კვლევა ჩავატარეთ.  5 ლაბორატორიიდან 12 ლაბორატორიამდე ავედით, მომდევნო კვირას კიდევ სამი დაემატება. გვინდა, რომ 15 მაისამდე  ყოველდღიურად 1 500-დან 1700-მდე ტესტი ჩავატაროთ.  15 მაისის შემდგომ უკვე 2 000-დან 2 500 ტესტამდე ავიდეთ. ვფიქრობ, რომ აქამდე გატარებულმა ზომებმა, რაც სახელმწიფომ, საზოგადოებამ, ყველამ ერთად გავატარეთ, მოგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენთან ინფექცია ჯერ კიდევ დუნედ მიმდინარეობს და არ გვაქვს დიდი ნახტომისებური ზრდები,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა აღნიშნა, რომ ალგორითმის გაფართოების შემდეგი ეტაპი შეეხება ეპიდემიოლოგებს, ექიმებს და იმ კლინიკების პერსონალს, სადაც ინფიცირებულთა მკურნალობა ხდება.

მისი სიტყვებით, აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს  ტესტირება 14 დღეში ერთხელ ჩაუტარდებათ.