ქიზიყელთა განთქმული ბელადი და მეფის ერთგული მეომარი: ამბავი „შავი პაატასი“

ისტორიული ფაქტია, რომ მტერი საქართველოს არც ერთ კუთხეს არასდროს აკლდა, მაგრამ გადამთიელთა შემოსევებისგან ყველაზე მეტად მაინც კახეთი დაიჩაგრა.
Sputnik

მოსვენება არ ჰქონდა კახელ კაცს — გლეხიცა და აზნაურიც, თავადიცა და სასულიერო პირიც ყველა ლაშქარში იდგა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ეს კუთხე სახალხო გმირების ერთგვარი „სამჭედლო“ იყო, რომელთა სახელებიც მატიანეთა ფურცლებმა შემოგვინახა. მათ შორის გახლდათ ყარა-პაატა, იგივე პაატა ბაღაშვილი. 

ქართველი „ბორჯია“: ზურაბ არაგვის ერისთავი, რომელიც სიკვდილს თესდა და სიკვდილი მოიმკა

ყარა-პაატა შავგრემანი ყოფილა და მეტსახელადაც იმიტომ შეურქმევიათ „შავი პაატა“. გადმოცემით, ეს ჩინებული ცხენოსანი და ერეკლე მეორის ერთგული მეომარი ტანად საშუალო სიმაღლისა, მკვრივი აგებულებისა, საოცრად უშიშარი, სწრაფი და გამძლე კაცი ყოფილა.

1752 წლის აგვისტოში ნუხის ხანის ვაჟი აღა ქიში დიდი ჯარით შემოჭრა საქართველოში და ბორჩალოელებთან საჯაროდ დაიფიცა, ამიერიდან ქართველ კაცს თათარს აღარ ვაყმობო. მაგრამ ერეკლემ სასტიკად დაამარცხა მისი ლაშქარი და უკუქცეულებს კვალშიც ჩაუდგა. ათდღიანი დევნის შემდეგ, ყარა-თაფასთან გადამწყვეტ ბრძოლაში აღა-ქიში და მისი ჯარი მთლიანად გაანადგურა. იმ ბრძოლაში არაერთმა ქართველმა ისახელა თავი, მაგრამ ყველაზე გამორჩეული მაინც ბოდბელი პაატა ბაღაშვილი ყოფილა.

დავით ბატონიშვილი წერდა:

„ბრძოლაში თავი ისახელა ფრიადი ვაჟკაცობით გლეხმა ბოდბურმა ყარა-პაატა ბაღაშვილმა. იმ დღეს ხმლით მოკლა ცხრა კაცი, ოთხი ცოცხალი დაიჭირა ხელით“.

ყარა–თაფასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს მეზობელი სახანოები დაშინდნენ და ქედიც მოუხარეს ერეკლეს, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი ლეკების თარეშის შეწყვეტას. კახელები გამუდმებით ებრძოდნენ მოთარეშეებს. ხალხმა საკუთარი ძალებით არაერთი რაზმი შექმნა. მათ შორის იყო ყარა–პაატას რაზმიც, რომლის წევრებიც იყვნენ გიორგი ბოხორელი, მაჩხაანელი ყიასაშვილი, გივი ბოდბელი. ისინი შიშის ზარს სცემდნენ ლეკებს და სადაც გადააწყდებოდნენ, მუსრს ავლებდნენ მოთარეეშეებს. რაზმის მეთაურის ყარა-პაატას სახელი მთელ დაღესტანში იყო გავარდნილი და შიშის ზარს სცემდა მომხდურს. თუ სადმე დალანდავდნენ ლეკები, მაშინვე მიატოვებდნენ ხოლმე ნადავლს და უმისამართოდ გარბოდნენ. 

დაუმორჩილებელი უშგულელების შურისძიება – სოფლის ბრპენით მოკლული მთავარი

1755 წელს ავარიის (ხუნძახის) ბატონი ნურსალ-ბეგი 20 ათასიანი ჯარით მოადგა ყვარლის ციხეს და ალყა შემოარტყა. პაატა ბაღაშვილმა თავის სოფელში, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, ყველა ფეზე დააყენა და უმალ ერეკლესთან გაჩნდა. მეფესთან გამართულ თათბირზე გადაწყდა, მაშველი რაზმი შეეგზავნათ ყვარლის ციხეში, ვინაიდან ციხის დამცველებს ტყვია-წამალი და სურსათი აკლდათ, და პარალელურად ჭარ-ბელაქანზეც მიეტანათ შეტევა - ციხესთან დაბანაკებულ ჭარელ ლეკებს ნურსალ-ბეგი მიეტოვებინათ და საკუთარი ოჯახების დასაცავად უკან გაბრუნებულიყვნენ.

გეგმის პირველი ნაწილის შესრულება ძალზე რთული იყო. ნურსალ-ბეგს ისე საიმედოდ ჩაეკეტა ყვარლის ციხე, რომ ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა შიგ. მაგრამ კახელთა ორასკაციანი რაზმი ყვარლის ციხეს დაეცა თავს, ლეკები დაიფრინა, ციხეში შევიდა და ალყაშემორტყმულებს სურსათი და ტყვია-წამალი შეუტანა. ამ დაუჯერებელი და სიკვდილის ტოლფასი იერიშის დროს თავი ისახელა ქიზიყელთა ბელადმა ყარა-პაატამ, რომლის ხმალმა არაერთი მომხდური შეიწირა.

მან კიდევ უამრავ ბრძოლაში ისახელა თავი და მეფე ერეკლესგან ოთხი უმაღლესი ჯილდოც მიიღო და სხვა ბევრი საჩუქარიც. თუმცა, როცა მისი თანასოფლელებისა და სათაყვანო მეფის ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა, ბაღაშვილი ხალხის გვერდით დადგა.

ქიზიყში დღემდე არსებობს ტყე, რომელიც „დაცული ტყის“ სახელითაა ცნობილი. ასე ერთი შემთხვევის შემდეგ უწოდებიათ. 

მოურჯულებელი თამარ ვაშლოვნელი და მეფე ერეკლეს ნაჩუქარი ბედაური

1766 წელს მეფე ერეკლემ რუსეთიდან მოიწვია არტილერიის სპეციალისტი პაატა ანდრონიკაშვილი და მას „თოფჩიბაშობა“ უბოძა. არტილერიის ახალი უფროსი აქტიურად შეუდგა საქმიანობას. ერეკლეს ბრძანებითა და ანდრონიკაშვილის გეგმით, ბოდბის სიახლოვეს, განთქმულ მუხებთან, ერთ მაღლობზე საზარბაზნე ბურჯის აგებას შეუდგნენ, რასაც აქტიურად დაუპირისპირდა ადგილობრივი მოსახლეობა. ტყის გაჩეხვის გარდა, ბოდბელებს ისიც ადარდებდათ, რომ თუ იქ ბურჯები მოეწყობოდა, არტილერიისა და არტილერისტების შესანახად ქიზიყელებს ბეგარას დააკისრებდნენ. ვინაიდან ხაზინას რეგულარული არმიის შენახვა არ შეეძლო, სარგოს რამდენიმე სოფელს მიაწერდნენ ხოლმე.

ლაშქრობიდან დაბრუნებულმა პაატა ბაღაშვილმა ბოდბელები შეკრიბა, ანდრონიკაშვილის ხალხი გარეკა, მშენებლობა გააჩერა, ხოლო თავადი ისე სცემეს, რომ თავ-პირი დაუსისხლიანეს. არადა ერეკლე დიდ იმედებს ამყარებდა ბურჯების აგებაზე. ბოდბეში არტილერიის განთავსებით მეფეს სურდა ეს მხარე კიდევ უფრო დაცული გაეხადა, ამიტომ ყარა-პაატასა და მისი მომხრეების წინააღმდეგობამ ერეკლე ძალიან განარისხა.

მეფე ბაღაშვილს შემოსწყრა, მაგრამ ქიზიყის აღიარებული ბელადის დატუსაღებაზე მაინც უარი თქვა — ხალხის განაწყენებას მოერიდა. სამაგიეროდ, ქალაქში ჩასვლა აუკრძალა, აღარც სასახლეში იბარებდა.

შეწუხდა პაატა ბაღაშვილი. მეფესთან შესარიგებლად ერეკლეს ბაშვობის მეგობარი იოანე მღვდელი შეაწუხა. ის ძალიან კი ეცადა ხელმწიფის რისხვის დაცხრომას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა — მეფეს ყარა-პაატას სახელის გაგონებაც აღარ უნდოდა. თანაც გალახული თავადის — ანდრონიკაშვილთა გვარი კატეგორიულად მოითხოვდა მეამბოხე ქიზიყელის დასჯას.

და პაატა ბაღაშვილმა პირად მტერზე შურისძიება განიზრახა. მეფე კიდევ უფრო რომ არ განერისხებინა, ამის გაკეთება დაღესტნელ ყონაღს (მეგობარს), ლეკთა ბელად ნურ-მაჰმადს სთხოვა. ისიც მცირერიცხოვანი რაზმით დაეცა ანდრონიკაშვილის ოჯახს სოფელ ფხოველში და იქაურობა გააპარტახა. 

შერვაშიძეთა ბებერი ლომი და უკან დაბრუნებული სამეფო ალამი - ხრესილის ბრძოლა

მალე რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო და ერეკლესგან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად სულთანმა ქართლ-კახეთს დაღესტნელები მიუსია.

1773 წელს დაღესტნელთა ბელადი ნურსალ-ბეგი კვლავ შეიჭრა კახეთში მრავალრიცხოვანი რაზმით. მათ წინ პაატა ბაღაშვილი გადაუდგა სახელდახელოდ შეყრილი ქიზიყელებით და ბრძოლა გაუმართა. რაზმს სიღნაღის მოურავი რევაზ ანდრონიკაშვილიც მიეშველა თავისი ჯარით და მოთარეშე ლეკები დაამარცხეს.

ამის მერე იყო, რომ მეფეს ისევ მოუბრუნდა გული ერთგულ მეომარზე, შეირიგა შერისხული და თავის სამსახურში ჩააყენა უკვე თმაშევერცხლილი სახალხო გმირი.

სიცოცხლის ბოლო წლებში პაატა ბაღაშვილი თავისებური მომრიგებელი იყო სამეფო ხელისუფლებასა და ქიზიყელებს შორის. იგი აღასრულებდა მოურავის განაჩენს, მონაწილეობდა სასოფლო სასამართლოებში. მის გარეშე არც ერთი დავა არ წყდებოდა ცალკეულ გვარებსა თუ სოფლებს შორის. ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეღვინეთუხუცესის სახელოც უბოძა. იგი განაგებდა საეპისკოპოსო ზვრებს, იყო სოფელ ბოდბისა და ბოდბისხევის საერთო ქევხა (მამასახლისი) და ბოლომდე ატარებდა უზბაშის ტიტულს...