COVID-19 - ბოლო ცნობები

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირება დაიწყო

ჟურნალისტები და ოპერატორები ყოველთვის "წინა ხაზზე" მუშაობენ, ამიტომაც მათი ინფიცირების რისკი მაღალია.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. თბილისის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ოთხშაბათიდან, 29 აპრილიდან კორონავირუსზე ჟურნალისტების სწრაფი ტესტირება დაიწყო, განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ მასმედიასთან.

ტესტირება იმ ჟურნალისტების პირადი ინიციატივით ჩატარდა, რომლებიც ოთხშაბათს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაღებებზე იმყოფებოდნენ. 

ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება

„მე ჯერ კიდევ გუშინ განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჟურნალისტების გატესტვას დავიწყებდით, რამდენადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ გუშინვე მოხვიდოდით და ტესტს გაიკეთებდით, თუმცა, რადგანაც ეს არ მოხდა, ჩვენ ჟურნალისტების ტესტირება დღეს დავიწყეთ“, – მიმართა გოფოძემ ჟურნალისტებს.

ამ დრომდე საქართველოში ჟურნალისტების კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მთავრობის ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვმა 517-ს მიაღწია.  გამოჯანმრთელდა 168, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. კორონავირუსის დიაგნოზით თურქეთიდან და სომხეთიდან გადმოიყვანეს საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინში იმყოფება 5 153 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 549.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა. ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.