COVID-19 - ბოლო ცნობები

ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ გვქონია

ბოლო მონაცემებით, ქვეყენაში კორონავირუსის დადასტურებული 511 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 156 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ ყოფილა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზრდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვირუსის გავრცელების მართვა შესაძლებელი გახდა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებით.

„ჩვენ მუდმივად ვართ მოლოდინში, რომ შეიძლება დადგეს გარკვეული პიკური მაჩვენებელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ქვემო ქართლში კორონავირუსით კიდევ ხუთი მედიკოსი დაინფიცირდა

მინისტრის თქმით, ამ დროისათვის ქვეყანას გააჩნია იმის რესურსი, რომ ყველა ინფიცირებულს სტაციონარში უმკურნალონ.

„ამ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში. ის მობილიზაცია, რომელიც საკარანტინო ზონებში განვახორციელეთ, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყენაში კორონავირუსის დადასტურებული 511 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 156, გარდაცვლილი - 6. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 558 პაციენტი რჩება.