COVID-19 - ბოლო ცნობები

გაერო მთავრობებს აფრთხილებს: ხალხის სამსახურებში დაბრუნება რისკებს შეიცავს

სპეციალისტების განმარტებით, თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები, ქვეყნებს „ინფიცირების მეორე ტალღის“ საფრთხე ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. სამუშაო ადგილები, რომლებსაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაუბრუნდებიან დასაქმებულები, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, ნათქვამია გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) განცხადებაში.

ორგანიზაციის სპეციალისტების თქმით, დამსაქმებლებმა წინასწარ უნდა შეაფასონ რისკები.

​ILO-მ მოუწოდა სახელმწიფოთა მთავრობებს, ყურადღება მიაქციონ სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციას მას შემდეგაც, რაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.

„ინფექციური დაავადებების განმეორებით აფეთქების რისკი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დავიცავთ ჩვენს მშრომელებს“, — აცხადებს ორგანიზაცია.

სპეციალისტების განმარტებით, ქვეყნებს „ინფიცირების მეორე ტალღის“ საფრთხე ემუქრებათ, თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები.

განსაკუთრებული ყურადღება შრომის დაცვას უნდა მიექცეს სამედიცინო დაწესებულებებში, საგანგებო სამსახურებში, სურსათის საცალო ვაჭრობის ობიექტებსა და ასევე დასუფთავების სამსახურებში.

დამსაქმებელთათვის გამიზნულ რეკომენდაციებს შორისაა ფიზიკური დისტანციის კონტროლი, რეგულარული დასუფთავება, თანამშრომლებსა და ვიზიტორებს შორის ურთიერთობის შემცირება, დამცავი აღჭურვილობის გაცემა.