COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ზოგიერთი პაციენტი რეაბილიტაციის კურსს საკურორტო ზონებში გაივლის

როგორ ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი პრაქტიკა ჯერ არც ერთ ქვეყანას არ აქვს და, სავარაუდოდ, ის შემდეგ სხვა ქვეყნებშიც დაინერგება
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია, განაცხადა  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

აბასთუმანში ექიმები ყველაზე პატარა პაციენტს ორი ჯუჯის სახით გამოეცხადდნენ - ემოციური ვიდეო

როგორც  ტიკარაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და მას შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც.

„გარემო პირობებიდან გამომდინარე, კოლეგებთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნებოდა პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის მათი იქ განთავსება. შემდეგ დღეებში უკვე ველოდებით პაციენტების სახელობით სიას, რომელთა მკურნალობა გახანგრძლივდა 14 დღეზე მეტხანს, მათ არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა, მათი პასუხი არის სუსტი დადებითი და საჭიროებენ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობას“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ასეთი პაციენტების რაოდენობა დიდია, მათ სხვა ცენტრებშიც გაგზავნიან.

„აბასთუმნის ცენტრი 100 საწოლზეა გათვლილი, ის ამ ეტაპზე სრულად დაფარავს იმ საჭიროებას, რომელიც კლინიკებს აქვთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორ მან აღნიშნა, მსგავსი პრაქტიკა ჯერ არც ერთ ქვეყანას არ აქვს.

მოლოდინის ორი დღე, ანუ სანამ COVID-19-ზე ტესტის პასუხს მივიღებდი: ჟურნალისტი ინფექციურში

„ჩვენს პრაქტიკას გავაზიარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქვეყანა ჩვენს გადაწყვეტილებას მოიწონებს. ჩვენს ქვეყანაში შემოსული ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონებში განვათავსეთ და ამით მნიშვნელოვნად შევზღუდეთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება. სწორედ ასევე, ვთვლით, რომ ეს იქნება გარკვეულად ახალი სახის ინიციატივა, ამას გავუზიარებთ უცხოელ კოლეგებს, მათგან პასუხსა და რეაგირებას დაველოდებით. სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს ტრენდი, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც დაინერგება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყენაში კორონავირუსის დადასტურებული 511 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 168, გარდაცვლილი - 6. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 538 პაციენტი რჩება.