COVID-19 - ბოლო ცნობები

შველის COVID-19-ის უმძიმეს ფორმას: ფრანგული კვლევა

გაჩნდა იმედი, რომ ექიმები COVID-19-ის ყველაზე მძიმე ფორმას გაუმკლავდებიან, რომელიც არაკონტროლირებადი იმუნური რეაქციებით ხასიათდება და რომელსაც უმეტეს შემთხვევაში სიკვდილი მოსდევს.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. რევმატოიდული ართრიტის პრეპარატი ეფექტური გამოდგა კორონავირუსული ინფექციის იმგვარი მძიმე ფორმის სამკურნალოდ, რომელიც პოტენციურად სიკვდილს იწვევს, აცხადებს ორგანიზაცია Assistance publique — Hopitaux de Paris.

„ამ პრეპარატის გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საშუალო თუ მძიმე ფორმის პნევმონიის მქონე პაციენტების მდგომარეობას, რასაც ახალი კორონავირუსული ინფექცია იწვევს“, — იუწყება გამოცემა Le Monde ფრანგ ექიმებზე დაყრდნობით.

მედიკოსების თქმით, COVID-19-ის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებს ხშირად ეწყებათ ჰიპერციტოკინემია — იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქცია, რა დროსაც დარტყმის ქვეშ ექცევა ადამიანის ჯანმრთელი უჯრედებიც. კორონავირუსის შემთხვევაში ციტოკინური შტორმი იწვევს მწვავე რესპირატორულ უკმარისობას, რაც სიკვდილით მთავრდება. 

ანტიპარაზიტული პრეპარატი COVID-19-ის ვირუსს 48 საათში ანადგურებს: ავსტრალიური კვლევა

სპეციალისტები შეეცადნენ აღეკვეთათ ციტოკინური შტორმი ტოცილიზუმაბით — მონოკლონური ანტისხეულით, რომელიც ჩვეულებრივად რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება. ექსპერიმენტში 129 ადამიანი მონაწილეობდა. აქედან 65-ს ტოცილიზუმაბს აძლევდნენ, დანარჩენ 64-ს კი ჩვეულებრივი მეთოდით მკურნალობდნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ პაციენტების უმეტესობას, რომლებიც ტოცილიზუმაბს იღებდნენ, უფრო იშვიათად სჭირდებოდათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთება. გარდა ამისა, შემცირდა ლეტალური შედეგებიც.

მედიკოსები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარია და უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაკვირვებით უნდა დადასტურდეს. თუმცა ეს შედეგები უკვე აჩენს იმედს, რომ ექიმები COVID-19-ის ყველაზე მძიმე ფორმას გაუმკლავდებიან, რომელიც არაკონტროლირებადი იმუნური რეაქციებით ხასიათდება და რომელსაც უმეტეს შემთხვევაში სიკვდილი მოსდევს.

ძალიან ტოქსიკური: მეცნიერებმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი დაიწუნეს>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის აფეთქება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ინფექციის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოს 185 ქვეყანაში SARS-CoV-2-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 041 777 კაცს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 211 170 და განიკურნა 894 337 პაციენტი.