თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია დედაქალაქში ველოსიპედების, მათ შორის, სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რათა მშრობლებმა მცირეწლოვანი შვილების ტარება შეძლონ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-ზე ვიდეოჩართვისას.
კალაძის სიტყვებით, ველოსიპედების შემოყვანა უახლოეს თვეებში იგეგმება.
„დედაქალაქის მერია მომავალში გეგმავს ველოსიპედების შემოყვანას. მათ შორის ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების – მათთვის, ვისაც უფრო კომფორტულად მგზავრობა უნდა. შეუძლიათ ბავშვები ჩაისვან უკან და თვითონ ველოსიპედი ატარონ“, – განაცხადა კალაძემ.
ველოსიპედებით სარგებლობის საფასურის გადახდა, სავარაუდოდ, მეტრონომით – მეტროსა და საქალაქო ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადასახდელი ბარათებით იქნება შესაძლებელი.
ველოსიპედების შემოყვანამდე კი თბილისის მერიამ ადგილობრივი კომპანია „სქროლის“ პროექტის ფარგლებში ქალაქში ელექტროსკუტერების გაქირავების პირველი სერვისი გახსნა.
ელექტროსკუტერების სერვისი პირველ ეტაპზე თბილისსა და ბათუმში იმუშავებს.
სკუტერები შექმნილ ვითარებაში შესაძლებელია გახდეს ავტომობილების ალტერნატივა, გადაჭრას მობილობის პრობლემა და გააუმჯობესოს ქვეყნის მსხვილ ქალაქებში ეკოლოგიური მდგომარეობა.
ელექტროსკუტერით სარგებლობა პირველი ათი წუთი უფასოა, სკუტერის გააქტიურება სპეციალური პრომოკოდის საშუალებით მოხდება.
ელექტროსკუტერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დღეში რამდენჯერმე დამუშავდება.
სავალდებულოა ასევე ხელთათმანებისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება.
ალტერნატიული ტრანსპორტის ქირაობა მსოფლიოს 120-ზე მეტ ქალაქშია ხელმისაწვდომი.