COVID-19 - ბოლო ცნობები

ცერცვაძე – საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის სწორი ტაქტიკა აირჩია

ქართველი მედიკოსები, რომელთაც კორონავირუსთან ბრძოლის საკმაო გამოცდილება დაუგროვდათ, ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მეთოდიკაში ცვლილებების შეტანას არ გეგმავენ.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnk. ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მეტყველებს პაციენტების მკურნალობის სწორ ტაქტიკასა და მოვლაზე, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს ტესტირება ჩაუტარდა

ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ათივე კლინიკაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, ერთიანი მიდგომაა შემუშავებული. ამასთან, არსებობს თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა, რამდენადაც კორონავირუსი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.

„ჩვენს ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკა სწორია, ისევე, როგორც პაციენტებისადმი მიდგომა. ჩვენთან კორონავირუსის მკურნალობა 10 კლინიკაში ერთიანი მიდგომით ხორციელდება – ხდება როგორც ერთიანი დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის შერჩევა. ამასთან, თითოეული პაციენტის მკურნალობის მეთოდი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, რამდენადაც კორონავირუსი მრავალმხრივი დაავადებაა ახალი გართულებებით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური კლინიკის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი მედიკოსები პაციენტების მკურნალობის მეთოდიკაში ცვლილებებს არ შეიტანენ და ძირითადი პრეპარატი „პლაქვენილი“ დარჩება, რომლის მიზანშეწონილობაშიც ბოლო პერიოდში რამდენიმე ეპიდემიოლოგმა და ექიმმა ეჭვი შეიტანა. 

ცერცვაძე: სიმართლე COVID-19-ის მკურნალობის ქართული პროტოკოლის შესახებ

პრეპარატისადმი სანდოობას ზრდის აშშ-ის მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს პოზიცია, რომელიც ასევე ირჩევს „პლაქვენილს“.

მისი სიტყვებით, ყველა კლინიკას კონკრეტულ პაციენტებთან და პაციენტთა ჯგუფებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა.

„მკურნალობის სხვა მეთოდები, მათ შორის ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა აღდგენა – პლაზმაფერეზი, ადამიანის პლაზმის გადასხმა ან სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევების მკურნალობა, ასევე აღიარებული იქნა კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობაში. დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ და უახლოეს პერიოდში იქნება შეტანილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინციფირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 28 აპრილისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 511-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 156, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.