COVID-19 - ბოლო ცნობები

მთავარმა ეპიდემიოლოგმა შეზღუდვების მოხსნის ღონისძიებებზე ისაუბრა

მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. შემდეგი ეტაპები, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნის ღონისძიება მთელ ევროპაში იწყება და შესაბამისი გეგმა ყველა ქვეყანაში არსებობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყო. შეზღუდვები მოიხსნა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე, ამუშავდა ინტერნეტ–მაღაზიები და ღია აგრარული ბაზრები.

„ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩვენს ქვეყანას შემუშავებული აქვს შეზღუდვების შემსუბუქების ღონისძიებების გეგმა, რომელიც გასულ კვირაში იქნა წარმოდგენილი და რომელიც დაახლოებით 2,5 თვეს მოიცავს“, – განაცხადა გამყრელიძემ ვიდეოკონფერენციაზე.

მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. შემდეგი ეტაპები, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა.

ბოლო მონაცემებიღ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დიაგნოზით თურქეთიდან და სომხეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 156 ადამიანი, გარდაიცვალა – 6, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5107, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 534 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა.