COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე – კარანტინის დატოვებამდე ტესტირებას ყველა გაივლის

საქართველოს მოქალაქეების მიზნობრივმა ტესტირებამ კორონავირუსზე შედეგი გამოიღო, ქვეყანაში ინფიცირების ყველა შემთხვევა კონტროლდება, აცხადებენ ქართველი ეპიდემიოლოგები.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, ვიდრე საკარანტინო ზონას დატოვებენ, შესაძლებელია კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდეთ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

მთავარმა ეპიდემიოლოგმა შეზღუდვების მოხსნის ღონისძიებებზე ისაუბრა

მისი სიტყვებით, ინფექციის გავრცელების კონტროლის მიზნით ტესტირების არეალი გაფართოვდება. არსებობს გეგმა იმისა, თუ ვინ უნდა დაექვემდებაროს ტესტირებას, როდესაც დღეში ტესტირების მაჩვენებელი 1,5 ათასამდე გაიზრდება.

„უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ მათ, ვინც კარანტინში იმყოფება. დღესაც ბევრს ჩაუტარდა ტესტი. ვისაც სიმპტომები აღმოაჩნდა, ტესტი კარანტინში გაუკეთდა და COVID–კლინიკებში გადაიყვანეს. ახლა ვიხილავთ საკითხს - საჭიროა თუ არა ადამიანებისთვის კარანტინის დატოვებამდე PCR-ტესტის ჩატარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ტესტირება დიდი ხანია უტარდებათ პნევმონიით დაავადებულ ადამიანებს – ბავშვებს, მოზარდებს, უფროსებს, ყველას, ვინც კლინიკაში ამ დიაგნოსტითაა მოთავსებული.

„ტესტირება თანდათან ფართოვდება. პირველი – ქვეყანაში აღირიცხება ტემპერატურის მქონე ყველა ადამიანი, ანუ ცხელების კლინიკები იმისთვის გაიხსნა, რომ მოხდეს დაავადების კონცენტრაცია, რომელიც მიმდინარეობს ცხელებით და არ გამოგვეპაროს COVID-19. ცხელების ყველა შემთხვევა COVID-ის მიზეზით ვერ იქნება. დამშვიდდით, იქნება იშვიათად, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა

სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეების ტესტირებას უფასოდ იმ შემთხვევაში ატარებს, თუ მათ ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ. ტესტები კეთდება კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმღებ კლინიკებში ან საკარანტინო ზონებში.

საქართველოში მასობრივ ტესტირებას კორონავირუსზე ანტისხეულების გამოსავლენად ჩაუტარებენ განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს.

უკვე დაწყებულია სამედიცინო პერსონალის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების (სადაც დასაქმებულია 4,5 ათასზე მეტი ადამიანი), თავდაცვის სამინისტროს სამსახურების ტესტირება.

აფთიაქებისა და მაღაზიების თანამშრომლები ასევე შეყვანილი არიან კორონავირუსზე ტესტირების აუცილებელ ჯგუფში. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ამ ადამიანების ტესტირება.

ასევე მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირებაზე წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფებში შედიან - მედპერსონალი, თავშესაფრებში, სამონასტრო კომპლექსში მცხოვრები პირები, ასევე ფსიქიატრიული კლინიკების თანამშრომლები და ბენეფიციარები.

საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით უკვე მოხდა სამედიცინო პერსონალის გადამზადება და მოქმედებს კორონავირუსის სიმპტომების მქონე ავადმყოფების მკურნალობის პროტოკოლი. გარდა ამისა, დაავადების უკეთესი კონტროლისთვის ყველა რეგიონში გაიხსნა ცხელების ცენტრები, რომლებიც მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს იღებენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დიაგნოზით თურქეთიდან და სომხეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 156 ადამიანი, გარდაიცვალა – 6, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5107, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 534 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა. მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.