სომხეთი საქართველოს მოქალაქეებისათვის სამშობლოში დასაბრუნებლად სამი დღით დერეფანს ხსნის

საქართველომ 20 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მსურველთა სიმრავლის გამო, ქართული მხარის თხოვნით, სომხეთმა საქართველოს მოქალაქეებისათვის სამი დღით სახმელეთო დერეფანი გახსნა, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჯორჯიას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კერძოდ, 1, 8 და 15 მაისს საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ავიაკომპანია „ბელავიას“ რეისებით ევროპის ქვეყნებიდან მინსკის გავლით ჩაფრინდნენ ერევანში, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დახვდებათ ავტობუსები და მათ საქართველოში გადმოიყვანენ.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო: უცხოეთიდან სამშობლოში 8 ათასამდე თანამემამულე დაბრუნდა

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთი 28 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სახმელეთო დერეფანს კეტავდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მიგრანტები სამშობლოში დასაბრუნებლად სატრანზიტო მარშრუტით მინსკი–ერევანი სისტემატურად სარგებლობდნენ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, თუ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ერევნის გავლით გადაწყვეტენ, აუცილებელია წინასწარ დაუკავშირდნენ საქართველოს საკონსულოს, რათა მათი რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა მოხდეს. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მგზავრებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება, შემდეგ კი ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადაიყვანენ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია „ბელავიამ“ და საქართველოს მთავრობამ დადეს შეთანხმება, რომლის თანახმად, მინსკის აეროპორტიდან 3, 10 და 17 მაისს თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება. ბილეთები დანიშნულ რეისამდე ორი დღით ადრე გაიყიდება. ყიდვა შესაძლებელია ავიაკომპანია „ბელავიის“ ვებ-გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად კიდევ ექვსი რეისი დაგეგმა.

საქართველოს მოქალაქეებს მაისში მინსკიდან სამშობლოში სამი სპეცრეისით დააბრუნებენ

27 აპრილი – ვარშავა–თბილისი

30 აპრილი – მადრიდი–თბილისი

2 მაისი – პრაღა–თბილისი

5 მაისი – ათენი–თბილისი

7 მაისი – ამსტერდამი–თბილისი

9 მაისი – ბერლინი–თბილისი

ამ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.

როგორ დაბრუნდებიან სამშობლოში რუსეთის მოქალაქეები - ყველა ავიარეისი შეჩერებულია

საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ბილეთი ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება. ბილეთების გაყიდვა რეისამდე ორი დღით ადრე დაიწყება.

საქართველომ 20 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს. ბოლო მონაცემებით, სამშობლოში დაბრუნება 8,3 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოახერხა.