COVID-19 - ბოლო ცნობები

მორიგი სპეცრეისი: საქართველოს მოქალაქეები პოლონეთიდან დაბრუნდებიან

ავიაკომპანია Georgian Airways მორიგ სპეცრეისს შეასრულებს და დღეს საქართველოს მოქალაქეებს ვარშავიდან თბილისში ჩამოიყვანს.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც პოლონეთიდან დროულად ვერ მოახერხეს ჩამოსვლა, დღეს სამშობლოში დაბრუნდებიან ჩარტერული რეისით ვარშავა–თბილისი, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველომ 20 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას. რეისი ვარშავა–თბილისი მორიგია საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილ განრიგში.

საქართველოს მოქალაქეებს მაისში მინსკიდან სამშობლოში სამი სპეცრეისით დააბრუნებენ>>

„სამშობლოში დასაბრუნებლად ამ რეისით მოსარგებლე მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები და მძიმე დაავადებების მქონე პირები“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: უცხოეთიდან სამშობლოში 8 ათასამდე თანამემამულე დაბრუნდა

საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაწერილი გეგმის მიხედვით სპეცრეისები განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის - ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, პარიზიდან, ბარსელონიდან, თელ-ავივიდან და პეკინიდან.

2020 წლის 25 აპრილის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს საელჩოები კორონავირუსის პანდემიის დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაეხმარნენ ქვეყნის 15 393 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნებაში – 7 988 ადამიანს.

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინირებულად, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.

მომდევნო რეისების განრიგი:

30 აპრილი – მადრიდი–თბილისი

2 მაისი – პრაღა–თბილისი

5 მაისი – ათენი–თბილისი

7 მაისი – ამსტერდამი–თბილისი

9 მაისი – ბერლინი–თბილისი

რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.

თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.