COVID-19 - ბოლო ცნობები

სასაფლაოებთან მისასვლელი გზები თომას კვირის სამშაბათსაც ჩაკეტილი იქნება

საქართველოს მასშტაბით მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სასაფლაოებზე გასვლა ნებადართული ჯერ კიდევ არ არის.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. მოსახლეობა საფლავებზე გასვლას თომას კვირის სამშაბათსაც  ვერ შეძლებს, რადგან სასაფლაოებთან მისასვლელი გზები გადაკეტილი იქნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თომას კვირის სამშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მე-9 დღეს აღნიშნავს, ამ დღეს მიცვალებულთა მოხსენიება და საფლავთა კურთხევა ხდება. 2020 წლის საეკლესიო კალენდარში ეს დღე 28 აპრილს უწევს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 2020 წელს აიკრძალა ტრადიციული გასვლა სასაფლაოებზე – მთავრობამ 17 აპრილიდან სასაფლაოებზე გასვლა ათი დღით შეზღუდა.

პაატა იმნაძე: სოფლების მოსახლეობა არ იცავდა რეკომენდაციებს

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ.

მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად შეიკავონ თავი საჯარო სივრცეებში გადაადგილებისგან, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყნის ხელისუფლებამ 21 მარტს, ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დღეისთვის ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი (21:00 საათიდან 06:00 საათამდე), აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის შეკრება. წესების დამრღვევებს პოლიცია აჯარიმებს.