COVID-19 - ბოლო ცნობები

თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან სამ საათში დააჯარიმეს

საქართველოს მასშტაბით არსებული აგრარული ბაზრები ორშაბათიდან შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპის ფარგლებში ამუშავდა
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან სამ საათში დაიკეტა, ხოლო ბაზრის ადმინისტრაცია 3000 ლარით დააჯარიმეს - მოვაჭრეების მიერ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მუშაობის ახალი წესების დარღვევისთვის.

აგრარულ ბაზრებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო მარტის ბოლოდან დაიკეტა, დღეიდან, 27 მარტიდან მუშაობის ნებართვა მისცეს, მაგრამ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვის შემთხვევაში.

მანქანების ხმაური და გრძელი საცობები: საქართველოში შეზღუდვები იხსნება >>

„ბაზარი გაურკვეველი ვადით დღის ბოლოდან დაიხურება. ბაზრის ადმინისტრაციას წესებისა და რეგულაციების ჩამონათვალი გადაეცა, რომელიც უნდა შეესრულებინა. ჩვენ გვესმის მოვაჭრეების პოზიცია და ამიტომ, ბაზარი დღის ბოლომდე იქნება ღია, რომ მათ აღებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ“, – აღნიშნა თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ადმინისტრაციამ ბაზარი თვითნებურად გახსნა და თავისი გადაწყვეტილება არც მერიასთან, არც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, არც საკოორდინაციო საბჭოსთან არ შეუთანხმებია.

საქართველოში დღეიდან შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო

თელავის ბაზარში ზოგიერთმა მოვაჭრემ აღნიშნული ნორმები დაარღვია.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაზარში მომუშავე ადამიანების მიერ რეკომენდაციების დარღვევის ფაქტები დააფიქსირეს. ზოგ მოვაჭრეს პირბადე ნახევრად ეკეთა, ზოგსაც ხელთათმანი დაავიწყდა, ამიტომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3000-ლარიანი ჯარიმა დაგვიწერა”, – აცხადებენ თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში.

ბაზრებისადმი წაყენებული მოთხოვნებია - მოვაჭრეების ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, პროდუქციის შეტანა-გატანის სანიტარული ზედამხედველობა, სადეზინფექციო სამუშაოების სათანადოდ შესრულება, თერმოსკრინინგი და პირბადეების სავალდებულო ტარება, ასევე საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაწერილი წესების შესრულება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის, ინფიცირებულთა რაოდენობა 496-ს აღწევს. აქედან გამოჯანმრთელდა 149 ადამიანი, ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.