COVID-19 - ბოლო ცნობები

ოთხი ყველაზე პერსპექტიული: დასახელდა COVID-19-თან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზები

ამერიკელმა მკვლევარებმა COVID-19-ის შესახებ 1650-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და ასევე 460 კლინიკური კვლევის შედეგები შეისწავლეს და მათ შორის ყველაზე პერსპექტიულები გამოყვეს კორონავირუსის დასამარცხებლად.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა COVID-19-ის მკურნალობის პოტენციური სტრატეგიების კვლევა ჩაატარეს და მათგან ოთხი ყველაზე პერსპექტიული გამოყვეს, კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Frontiers in Microbiology. 

არსებობს კორონავირუსის „მოტყუების“ გზა: აკადემიკოსი განმარტავს

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა მკვლევარებმა COVID-19-ის შესახებ 1650-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და ასევე 460 კლინიკური კვლევის შედეგები შეისწავლეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სტატიებში მოყვანილი მონაცემები ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარია და პრეპრინტების სახითაა გამოქვეყნებული, ხოლო მიმდინარე ცდები ადრეულ ეტაპზეა, კვლევის ავტორებმა, ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე, მაინც გადაწყვიტეს გაეანალიზებინათ ექსპერიმენტული მიდგომები და მათ შორის ყველაზე პერსპექტიულები გამოეყოთ.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მათი მეთოდი უნივერსალურია და შეიძლება გამოდგეს არა მარტო SARS-CoV-2-ის, არამედ სხვა პოტენციურად საშიში ვირუსების წინააღმდეგაც.

„კორონავირუსები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის. თავდაპირველად ჩვენ უნდა განვიხილოთ პანდემიურ ვირუს SARS-CoV-2-თან ბრძოლის ახალი ზომები, შემდეგ კი მაღალი საფრთხის შემცველი ზოონოზური ვირუსების უზარმაზარი ნაკრები, რომლებიც შესაძლოა მომავალში გაჩნდეს“, — წერს პრეს-რელიზში კვლევის ხელმძღვანელი, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი რალფ ბარიკი. 

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის უპირველეს და ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად მეცნიერები ვაქცინის გამოყენებას მიიჩნევენ, რომელიც ვირუსის S-ცილის წინააღმდეგ იქნება მიმართული. გარდა ტრადიციული ცოცხალი ინაქტივირებული ვაქცინებისა, მკვლევარებს პოტენციურად ეფექტურად მიაჩნიათ დნმ/რნმ-ის, ნანონაწილაკებსა თუ ვირუსის გადამტანების საფუძველზე დამზადებული ვაქცინების თანამედროვე ტიპი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი შემუშავება და ტესტირება ერთ წელზე მეტ დროს მოითხოვს, მეცნიერების აზრით, პარალელურად სხვა სტრატეგიების ამუშავებაცაა საჭირო.  

ძალიან ტოქსიკური: მეცნიერებმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი დაიწუნეს

მეორე მიდგომად დასახელებულია მოქმედების ფართო სპექტრის ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ვირუსის რნმ-ში კოპირების პროცესს აჩერებს. ვინაიდან კორონავირუსები ე.წ. მაკორექტირებელ ფერმენტებს შეიცავენ, პრეპარატების უმეტესობა კორექტულად ვერ იმუშავებს და ამ შემთხვევაშიც ხანგრძლივი კლინიკური გამოცდები იქნება ჩასატარებელი ეფექტური ნივთიერებების შესარჩევად.  

მესამე ყველაზე ეფექტური სტრატეგია — განკურნებული პაციენტებისგან მიღებული პლაზმის გადასხმა ან ბიოტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი მონოკლონალური ანტისხეულების მასობრივი წარმოებაა. თუმცა, ბოლო ვარიანტმა, რომელიც დიდ დროსა და დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, შესაძლოა მხოლოდ ხანმოკლე იმუნიტეტი შექმნას. 

გადადის თუ არა COVID-19 სექსის გზით: მეცნიერები გვაფრთხილებენ>>

ვაქცინის შექმნამდე ყველაზე მიმზიდველ ალტერნატივად მეცნიერები გენურ თერაპიას მიიჩნევენ — ადენოასოცირებული ვირუსის (AAV) მეშვეობით, რა დროსაც ზედა სასუნთქი გზები სწრაფად და მიზანმიმართულად „მომარაგდება“ ანტისხეულებით, ანტივირუსული პეპტიდებითა და იმუნომოდულატორებით, რაც ორგანიზმის კორონავირუსისგან ხანმოკლე დაცვას უზრუნველყოფს. 

თუმცა მეცნიერების განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ზედა სასუნთქ გზებში უჯრედების კვლავწარმოქმნა ძალიან მაღალია, ტოქსიკურობის რისკი მინიმუმამდე დადის. ამიტომ ამგვარი ინსტრუმენტების შემუშავება, ადაპტირება და ტესტირება ერთი თვის განმავლობაშია შესაძლებელი. 

„AAV-ს საფუძველზე პასიური იმუნიზაცია სწრაფ ალტერნატივად შეიძლება გამოვიყენოთ. ის მარტივია და შეიცავს მხოლოდ ორ კომპონენტს: ვირუსულ ვექტორსა და ანტისხეულს. დამტკიცებულია, რომ AAV-ს მრავლობითი ვექტორები უსაფრთო და ეფექტურია ადამიანისთვის. თეორიულად, ერთჯერად დოზას დამცავი რეაქციის გამოწვევა ერთი კვირის განმავლობაში შეუძლია, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება“, — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ლონ პინ ცე. 

კვლევის ავტორების თქმით, მათ ესმით, რომ გენური თერაპია ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ იმედი აქვთ, რომ თუ ბაზარზე საკმარისი მოთხოვნა წარმოიქმნება, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. 

ამ დროისათვის ახალი კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო ეფექტური წამალი არ არსებობს. მსოფლიოს ასობით ათასი მკვლევარი და კლინიცისტი უპრეცენდენტო ძალისხმევას ახმარს წამლის, ვაქცინისა და გაუმჯობესებული ტესტების შექმნას დიაგნოსტიკისთვის.