თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 46 პაციენტიდან კორონავირუსი 45 აქვს დადასტურებული, განუცხადა ჟურნალისტებს საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ერთ-ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი შაბათს გაწერეს და ახალი პაციენტი ბოლნისიდან გადაიყვანეს.
„ახალი პაციენტი გახლავთ ერთი, ბოლნისის წყაროდან. ახალგაზრდა პირი და მას არც თანმდევი დაავადებები არ აქვს და არც რისკჯგუფში არ შედის. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გუშინ ჩაუტარდა რადიოლოგიური გამოკვლევა და გაფართოებული კვლევები, შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის პნევმონია, თავისი ზოგადად საშუალო მდგომარეობით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული 17 პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, ცხრა მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევა დადასტურდა, 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.