COVID-19 - ბოლო ცნობები

სიტუაცია საქართველოს კლინიკებში: ექიმები ინფიცირებულთა მდგომარეობაზე საუბრობენ

პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი გამწვავება - პნევმონია, ხოლო მძიმე გართულებებით ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. საქართველოში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს  COVID-19-ით ინფიცირებულთა პაციენტების მდგომარეობის შესახებ - გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება, მძიმე პაციენტების მდგომარეობა უმჯობესდება.

27 აპრილიდან საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები არ იხსნება >>

დღეისათვის საქართველოს კლინიკებში მკურნალობას 320 ინფიცირებული აგრძელებს. კორონავირუსი დაამარცხა 132-მა პაციენტმა, გარდაიცვალა ხუთი პირი.

„კრიტიკული პაციენტები ჯერ არ მყავს, მყავს 17 მძიმე პნევმონიით, დანარჩენი საშუალო და მსუბუქი პნევმონიით ან პნევმონიის გარეშე“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

უკეთესი მდგომარეობაა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, იქ გაწერას 16 პაციენტი ელოდება.

„ამ ეტაპზე უკვე მიდის ხუთი პაციენტი ვირუსის გარეშე, ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს. იმედი გვაქვს, რომ 11-ვე იქნება უარყოფითი და დღის განმავლობაში 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, 44 ინფიცირებულს მწვავე პნევმონია აღენიშნება, რეანიმაციაში 8 პაციენტი იმყოფება.

მკურნალობას აგრძელებენ პაციენტები ბოჭორიშვილის კლინიკაშიც. იქ მოთავსებულია 26 პაციენტი, საიდანაც შვიდი 18 წლამდე ასაკისაა. მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, კლინიკაში ბოლნისიდან ერთი მოზარდი გუშინ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად შეიყვანეს.

„სამი საყურადღებო პაციენტი გვყავს და ერთი – მძიმე. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა.

აგრძელებენ მკურნალობას რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს პაციენტებიც. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსი თეა თავართქილაძე აცხადებს, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს.

„ერთი პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან და გადავიდა თვითიზოლაციაში. დღეისათვის არის 39 ინფიცირებული, გვყავს ასევე ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც სავარაუდოდ ხვალ დატოვებს... ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები, არის შედარებით მძიმე და საყურადღებო. 39 პაციენტიდან რამდენიმეს აქვს ორმხრივი პნევმონია, ყველას მდგომარეობა არის სტაბილური, ველოდებით იმ კვირაში რამდენიმე გამოჯანმრთელებულ პაციენტს“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 25 აპრილისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია.