COVID-19 - ბოლო ცნობები

ქართველმა ექიმებმა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე ერთობლივი შეხვედრა გამართეს

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 139 პირი
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღნიშნული შეხვედრა საუნივერსიტეტო კლინიკის ინიციატივით მოეწყო.

სიტუაცია საქართველოს კლინიკებში: ექიმები ინფიცირებულთა მდგომარეობაზე საუბრობენ

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ეს  იყო პირველი მცდელობა, რომ ერთად შეკრებილიყვნენ ის ექიმები, რომლებიც ყველაზე უფრო აქტიურად არიან ჩართული Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლაში.

„ძალიან დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. განვიხილეთ წინასწარი შედეგები, გაიმართა საქმიანი მსჯელობა ამ დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე, პირველ ქართულ გამოცდილებაზე, წარმატებულ ნაბიჯებზე და გამოწვევებზე. დიდი იმედია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ თითოეული მონაწილის ცოდნა და გამოცდილება გაიზარდა, რაც წარმატებით იქნება გამოყენებული მომავალ მართვაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

25 აპრილის   მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 139,  გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5206  ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.