თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ყავა შეამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, თუ მას სწორი მეთოდით მოამზადებთ, ირწმუნებიან გეტებორგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგებიც European Journal of Preventive Cardiology-შია გამოქვეყნებული.
აღსანიშნავია, რომ კვლევა 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამ ხნის განმავლობაში მეცნიერებმა 20-დან 79 წლამდე ასაკის ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. ანკეტირებისას ისინი პასუხობდნენ კითხვებს მოხმარებული ყავის რაოდენობისა და მისი მომზადების მეთოდების შესახებ. გარდა ამისა, იკრიბებოდა ისეთი მონაცემები, როგორებიცაა კვლევის მონაწილეების სიმაღლე, წონა, სისხლის წნევა, ქოლესტერინის დონე, მავნე ჩვევები, ფიზიკური აქტივობა და განათლების დონე. მკვლევარების აზრით, ყველა ამ ფაქტორს შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა როგორც ყავის მოხმარების რაოდენობაზე, ისე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკზე.
თურმე საქმე რა ყოფილა: მეცნიერები ყავის ორმაგ ეფექტს განმარტავენ>>
კვლევის ოცი წლის განმავლობაში გარდაიცვალა ექსპერიმენტის მონაწილე 46 461 ადამიანი, აქედან 12 621 — გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, მათ შორის ინფარქტებით.
გაირკვა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ქაღალდის ფილტრში გატარებულ ყავას მიირთმევდნენ, სიკვდილის რისკი 15%-ით დაბალი იყო იმათთან შედარებით, ვინც ყავას არ სვამდა. ამასთან, მამაკაცებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გარდაცვალების ალბათობა 12%-ით დაბალი იყო, ხოლო ქალებში — 20%-ით.
სიკვდილიანობა ყველაზე დაბალი იყო მათში, ვინც დღეში ერთიდან ოთხ ფინჯნამდე გაფილტრულ ყავას მიირთმევდა. ამასთან, გაუფილტრავი ყავა სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის მატებას იწვევდა, რაც 60 წელს გადაცილებულ მამაკაცებში სიკვდილის რისკს ზრდიდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მასშტაბურმა კვლევამ, რომელშიც 8 412 ბრიტანელი მონაწილეობდა და რომელსაც ბრიტანეთის გულის ფონდი (BHF) აფინანსებდა, აჩვენა, რომ ექვსზე ბევრად მეტი, კონკრეტულად, 25 ჭიქა ყავაც კი არაფერს ვნებს არტერიებს.