მომავალი წლიდან საქართველოს მთავრობა პენსიების გაზრდას გეგმავს

საქართველოს მთავრობამ პარასკევს ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგების გადალახვის მიზნით მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. 2021 წლიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსია 25 ლარით, ხოლო სხვა ყველა პენსიონერს 20 ლარით გაეზრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობამ პარასკევს ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგების გადასალახად მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დახმარებას ნახევარი წლის განმავლობაში გადაუხდის

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, რაც, ფაქტობრივად, უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს... ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტით მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას“, - განახადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ეს არის ქვედა ზღვარი, მინიმუმი, რაც თითოეულ პენსიონერს ინფლაციის რისკებს უზღვევს.

„ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ჩვენ პენსიონერების საკმაოდ დიდი სოციალური ჯგუფი გვყავს და ამას აქვს ძალზე დიდი მნიშვნელობა სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პენსიონერებმა 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაზრდილი პენსია მიიღეს. ახალი წლიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები 220 ლარის ნაცვლად იღებენ 264 ლარს. 70 წელს ზევით პენსიონერები, რომლებიც ასევე მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ, 1 ივლისიდან 300 ლარამდე პენსიას იღებენ.