COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დახმარებას ნახევარი წლის განმავლობაში გადაუხდის

თვითდასაქმებულები ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ და ამისთვის ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო და უვადო შვებულებაში იმყოფებიან, 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობამ პარასკევს ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგების გადასალახად მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს.

ანტიკრიზისული გეგმა მზადაა – საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება

პრემიერის განცხადებით, საუბარია 350 ათას მოქალაქეზე, რომლებიც ოფიციალურად მუშაობენ. ისინი ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. ამისთვის ბიუჯეტიდან 460 მლნ ლარი გამოიყო.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მათ სოციალური აგენტები დაადგენენ და ისინი ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამისთვის ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„მთავრობისთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზაში, მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალურად გამარტივების გზით, მაშინ, როცა ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება მოხდება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით“, – განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, სახელმწიფო დაეხმარება სოციალურად დაუცველებსაც. პრემიერის თქმით, ის ოჯახები, რომლებმაც 65 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა მიიღეს, ნახევარი წლის მანძილზე დაახლოებით 600 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.

როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშს და რას მოხმარდება თანხა>>

ასეთივე დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომლებსაც სამი და მეტი ბავშვი ჰყავთ და მათი სარეიტინგო ქულა 100 ათასზე ნაკლებია, ასევე აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

ამ დახმარებისთვის ბიუჯეტში 83 მლნ ლარია გათვალისწინებული.

რამდენად დააზარალებს საქართველოს კორონავირუსის პანდემია - მოვლენების განვითარების სცენარი

საქართველოში კორონავირუსის ეპიდაფეთქების ფონზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და შეღუდულია ეკონომიკური საქმიანობა. დახურვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მომსახურებისა და ტურიზმის სფეროები. აქ მომუშავე ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. უმუშევრად დარჩენილების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

საქართველოს მთავრობამ ბიზნესზე ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად მანამდე უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები.

სასტუმრო და რესტორნების სფეროსთან დაკავშირებულ კომპანიებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვებს მთავრობამ 1 ნოემბრამდე გადაუვადა საშემოსავლო გადასახადები და ოთხი თვით – ქონების გადასახადი. ეს ეხება 18 ათას კომპანიას და იქ დასაქმებულ 50 ათას ადამიანს.

გარდა ამისა, თბილისში ზოგიერთ კომპანიას ერთი წლით მიწის იჯარა გაუუქმეს.