თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისში და სხვა ქალაქებში აგრარული ბაზრები აპრილის დასაწყისში დროებით დაიკეტა. აგრარული ბაზრების დახურვა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მოხდა.
„სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება. სრულად იქნება დაშვებული ონლაინ-ვაჭრობა; საბითუმო და საცალო მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს მთავრობამ პარასკევს ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგების გადასალახად მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს.
გარე ვაჭრობა საგანგებო მდგომარეობის დროს: როგორ მუშაობს წესები საქართველოში>>
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 10 დღის შემდეგ ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა, 17 აპრილიდან კი სპეციალური ნებართვების გარეშე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა.
გახარიას განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდება, შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება ან გახანგრძლივდება.