თბილისი, 24 აპრილი ― Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა შეარყევს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს და ჩრდილს მიაყენებს ჩვენს პოლიტიკურ თანამშრომლობას, მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე დმიტრი როზუმკოვს.
მანამდე პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს ქვეყნის ვიცე-პრემიერობა შესთავზა რეფორმების კუთხით. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ამჟამად კონსულტაციებს გადის ფრაქციებთან, კენჭისყრა მისი თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს.
„ბატონო სპიკერო, ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულმა სასამართლოებმა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის რიგი სერიოზული ბრალდებებით. ამ მძიმე დანაშაულებში მისი ბრალეულობა დაადასტურა სამივე ინსტანციის სასამართლომ. ბატონ სააკაშვილს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანის უფლებათა სისტემურ ჩავარდნებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხეში ჩაგდებაზე. შესაბამისად, მისი შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის“, ― ნათქვამია თალაკვაძის წერილში.
მისი შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, მით უმეტეს, რომ ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და მიზანი გვაქვს, დაამატა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიუღებელი უწოდა სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას უკრაინაში და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რადა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველო ქვეყანაში თავის ელჩს გამოიწვევს კონსულტაციებისთვის.
უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ გახარიას აღნიშნული განცხადება ზეწოლად შეაფასა.
„ეს უბრალოდ ზეწოლის მცდელობაა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო გვაქვს და მსოფლიოში ვერცერთი ქვეყანა ვერ გვეტყვის, ვინ უნდა დავნიშნოთ ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე და ვინ ― არა“, ― განაცხადა არხამიამ.
მისი თქმით, ეს აბსოლუტურად არასწორი რიტორიკაა. გარდა ამისა, არახამიამ აღნიშნა, რომ უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაწვევა საქართველოს დიპლომატიურ პრობლემებს შეუქმნის.