COVID-19 - ბოლო ცნობები

27 აპრილიდან საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები არ იხსნება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში დაწესებული რიგი შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები მხოლოდ ორი დღით - 27 და 28 აპრილს მოიხსნება, 29 აპრილიდან კი გადაადგილება კვლავ შეიზღუდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგების გადასალახად მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს. 

როდის დაიწყება შეზღუდვების გაუქმება: მთავრობამ პირველი ეტაპი დააანონსა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში დაწესებული რიგი შეზღუდვები ორშაბათიდან, 27 აპრილიდან ეტაპობრივად მოიხსნება – ნებადართული იქნება მსუბუქი ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 27 აპრილიდან საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები არ იხსნება და ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რაიონში ან სხვა ადგილზე იმყოფებიან.

„იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ჩვენი ბევრი მოქალაქე გასული იყო რაიონში, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ რეგისტრაციის ადგილებზე. ორი დღის შემდეგ ის შეზღუდვები, რომელიც საქალაქთაშორისო გადაადგილებას და დიდი ქალაქების ჩაკეტვას მოიცავს, კვლავ აღდგება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 10 დღის შემდეგ კი მთავრობამ კომენდანტის საათი შემოიღო. 15 აპრილიდან საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი – თბილისი, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი ჩაიკეტა და შესვლა–გამოსვლა აიკრძალა. 17 აპრილიდან კი სპეციალური ნებართვების გარეშე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა.