COVID-19 - ბოლო ცნობები

რა საკითხები განიხილა ზურაბიშვილმა ბულგარეთისა და შვეიცარიის პრეზიდენტებთან

პრეზიდენტებმა კორონავირუსის გავრცელებისა და პოსტკრიზისული პერიოდის გადალახვის გეგმების შესახებ ინფორმაციები გაცვალეს.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ბულგარელ და შვეიცარიელ კოლეგებთან განიხილა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შვეიცარიის პრეზიდენტმა სიმონეტა სომარუგამ სატელეფონო საუბრისას ქართველ კოლეგას ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის ეტაპობრივად ამოქმედების გეგმები გააცნო. 

საქართველოს პრეზიდენტი: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის განვითარების საკითხზეც. სომარუგამ აღნიშნა, რომ შვეიცარია, ისევე, როგორც საქართველო, პატარა ქვეყანაა, რომელიც გარკვეულწილად ტურიზმზეა დამოკიდებული.

შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 28,4 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 1,5 ათასზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა აგრეთვე ზურაბიშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევთან. ზურაბიშვილის სიტყვებით, საქართველომ და ბულგარეთმა მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში უნდა იმოქმედონ, რათა პოსტკრიზისულ პერიოდს მომზადებული შეხვდნენ.

ბულგარეთის პრეზიდენტთან საუბრისას ზურაბიშვილმა აღნიშნა პანდემიის პერიოდში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა. მისი სიტყვებით, პოსტკრიზისულ პერიოდში შავ ზღვას სატრანსპორტო და სავაჭრო კუთხით დიდი მნიშვნელობა ექნება.

რადევმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს პანდემიასთან მარტო გამკლავებას, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთიანი და სოლიდარული მოქმედება.

ბულგარეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,1 ათას ადამიანს გადააჭარბა, გარდაიცვალა 52.

მთავრობის ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 431-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 114, გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5 126 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეში 578 პაციენტია.

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათის 21:00 საათიდან 6:00 საათამდე.