COVID-19 - ბოლო ცნობები

„რა კარგია მანქანების გარეშე...“ - სასულიერო პირები მანქანებიდან ველოსიპედებზე გადავიდნენ

მას შემდეგ, რაც საქართველოში კონორავირუსის პანდემიის გამო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, რამდენიმე სასულიერო პირი ველოსიპედით გადაადგილდება და აპირებს პანდემიის დასრულების შემდეგაც ამ ტრანსპორტით ისარგებლოს.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, ავტომობილების ნაცვლად ველოსიპედები გამოიყენონ. მამა ალექსანდრე სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს ავრცელებს.

„გაზაფხული, სუფთა ჰაერი, კარგი ამინდი და ველოსიპედი. მე თუ გამომივიდა, ყველას გამოუვა!
რა კარგია მშვიდი თბილისი, მანქანების გარეშე!“ – წერს დეკანოზი.

დეკანოზი მათ, ვინც სახლიდან უტრანსპორტობის გამო ვერ გადის, საკუთარ მანქანას სთავაზობს

დეკანოზ ალექსანდრე გალდავას ინიციატივას ასევე უერთდება სენაკის ცენტრში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ბართლომეც.

სასულიერო პირებს ასევე მხარს უჭერს ბორჯომის წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა არჩილი, რომელიც სახლიდან ტაძრამდე ნათხოვარი ველოსიპედით დადის.

„ეს აკრძალვა და შეზღუდვა რომ დააწესეს, ავტომანქანებით გადაადგილებაზე, ჩემი მრევლისგან ველოსიპედი ვითხოვე და ასე დავდივარ. ბორჯომში, ვაშლოვანის დასახლებაში ვცხოვრობ, იქიდან ტაძარში წირვა-ლოცვაზე ჩარხისწყალზე ველოსიპედით მივდივარ. ვფიქრობ, მომავალში შეზღუდვა რომ მოიხსნება, ველოსიპედით გავაგრძელო სიარული“, – აცხადებს ტელეკომპანია „ბორჯომთან” საუბრისას მამა არჩილი.

ფოთში ტურისტები თვითიზოლაციის რეჟიმს საკუთარ მანქანებში გადიან

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 21 მარტს გამოცხადდა და ის 22 მაისამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილამდეა აკრძალული.